გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ანაკლიაში მოსახლეობას შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან დიდი იდეა და ამ იდეას აქვს სახელი - ლაზიკა. ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში, ჩვენ გეტყვით რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება. ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არცერთი ოჯახი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად და რა არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ოცნება, რომ საქართველოდან გაიქცნენ ჩვენი მოქალაქეები და ასეთი არის 250 ათასი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდა. [...]
არ შევეგუებით, არ გავიქცევით და საბოლოო ჯამში, დავამარცხებთ რუსულ პარტიას. მთავარი დაპირება, რაც მინდა რომ გითხრათ - ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში, ყველაზე დიდი აეროპორტის და სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილის - თავისუფლება მიშას“ -თქვა ხაბეიშვილმა.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არგანხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
"სააკაშვილის უშუალო დავალებით, დაიწყო არაერთი მსხვილი პროექტი, როგორიცაა: რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი, ბათუმის პორტი, სადაც რუსული გემები კიარ უნდა შემოსულიყვნენ, არამედ ევროპული და ამერიკული გემები. ფოთის პორტში, დამატებითი ტერმინალები უნდა აშენებულიყო, რომელიც ამ ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს მოიტანდა. მერიის აეროპორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო სატვირთო ფუნქციის მქონე , აღმოსავლეთ- დასავლეთის დამაკავშირებელი და რა თქმა უნდა, ლაზიკა - მთავარი საკითხი. ასევე ქუთაისის აეროპორტი, ისევ იქაა გაჩერებული, სადაც დავიწყეთ, არაფერი არ დამატებია. ამ პროექტებიდან არცერთი არ არის რეალიზებული, თუ მათ ქვეყანა უყვართ, რატომ არ არის რომელიმე რეალიზებული? - იმიტომ, რომ მათ განვითარება არ უნდათ, უნდათ, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და მოახდინონ ქვეყნის რუსიფიკაცია"- თქვა ვაშაძემ.
20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.